search
2009-09-14
მარგარეტ მიდის ვიდეო და კინო ფესტივალი

მარგარეტ მიდის ყოველწლიური ვიდეო და კინო ფესტივალი დოკუმენტური ფილმების ყველაზე ხანგრძლივი საერთაშორისო საპრემიერო ჩვენება-გამოფენაა შეერთებულ შტატებში. ფესტივალი 1977 წელს, ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმის მიერაა დაარსებული ანთროპოლოგ მარგარეტ მიდის 75 წლის იუბილის და მისი მუზეუმში მოღვაწეობის 50 წლის აღსანიშნავად.

მარგარეტ მიდი იყო ერთ ერთი პირველი მეცნიერი, რომელიც აღიარებდა ფილმების მნიშვნელობას ანთროპოლოგიური გათხრითი სამუშაოების მიმდინარეობისას. ორგანიზატორების ამოცანაა განახორციელოს მიდის მიერ დასახული მიზანი: აქტიურად ჩართოს საზოგადოება კულტურულ დებატებში. ფესტივალი მოწოდებულია გამოიყენოს დამოუკიდებელი დოკუმენტური მედია კულტურული იდენტიფიკაციის, სოციალური სამართლიანობის და ბუნებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევისას.

ყოველწლიურად წარმოდგენილია ფორმითა და შინაარსით განსხვავებული ნამუშევრების ფართო სპექტრი. თემატიკა სხვადასხვაგვარია და მოიცავს პრობლემათა და პერსპექტივათა მთელ დიაპაზონს. ორგანიზატორები ზრუნავენ პროგრამის რეგიონალურ მრავალფეროვნებასა და აქტუალობაზე. ფესტივალში ერთდროულად მონაწილეობენ საერთაშორისო არენაზე უკვე ცნობილი და დებიუტანტი რეჟისორები.

ფესტივალი ინტერაქტიულია. საფესტივალო ჩვენების ფარგლებში დაგეგმილი პრესკონფერენციები, მრგვალი მაგიდა, პერფორმანსი, არაოფიციალური შეხვედრები, საშუალებას აძლევს საზოგადოებას აქტიურად ჩაებას დისკუსიაში კინოს მწარმოებლებთან. ამასთან, კულტურულ და აკადემიურ ორგანიზაციებთან, აგრეთვე კინოინდუსტრიასთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ფესტივალის პოპულარიზაციას და ფართო აუდიტორიის ჩაბმას მის მსვლელობაში.

მარგარეტ მიდის ვიდეო და კინო ფესტივალი ტარდება ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმში, ყოველი წლის შემოდგომაზე. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ფესტივალების მიმდინარეობის ან ფილმის წარდგენის შესახებ იხილეთ ფესტივალის ვებ გვერდი.

ჩვენებები საქართველოში 2009

ბათუმი 25-27 სექტემბერი
კარალეთი 15-17 ოქტომბერი
თბილისი 1-6 დეკემბერი

პროგრამა

მსოფლიოს ცხელი წერტილები – ორმაგი ხედვა

გადაღება ცეცხლსქვეშ, საშა მირზოევი, ისრაელი-პალესტინა, 75’ 2005
დადუმებულები, სალომე ჯაში, საქართველო, 12’ 2009

მიმოიხედე  ირგვლივ – ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანები

თანამედროვე მამაკაცი, ლიზი გოთლიბი, აშშ, 55’ 2006

არ შეგეშინდეს, დაიცავი თავი

დები, ქიმ ლონგინოტო და ფლორენს აისი, კამერუნი, 104’ 2006
შინ და უკან, ლევან ღლონტი, საქართველო, 28’ 2006

ბავშვები ბავშვობის გარეშე

ჩინეთი ლურჯი ჯინსები, მიცა პელედი, ჩინეთი, 87’ 2005
ფანჯარა, ფარჰად ტურსუნოვი, გულმირა სადიკოვა, ყირგიზეთი, 13’ 2005

უცნაური მოგზაურობები

თამაში რღვეული რუკით, ელის ნელბსონი, დიდი ბრიტანეთი, 26’ 2006
ამერიკა ერთ ოთახში, დავით კანდელაკი, საქართველო, 60’ 2007
ქალები საქართველოდან, ლევან კოღუაშვილი, საქართველო, 53’ 2008

 

ჩვენების მხარდამჭერი: ღია საზოგადოება - საქართველო